რუსეთ-უკრაინის ომი
რუსეთი აპირებს, გაზარდოს ბალისტიკური რაკეტებით მასირებული დარტყმების ინტენსივობა უკრაინაზე, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მოსკოვი განიხილავს კიევის, კერძოდ დედაქალაქის ცენტრის და სხვა უკრაინული ქალაქების ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვის გაძლიერების შესაძლებლობას.
წყაროების თქმით, მოლაპარაკებების მცდელობები პრაქტიკულად ჩავარდა და მხარეები საწყის წერტილს დაუბრუნდნენ. მათივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს არ შეწყვეტს არც სანქციების, ეკონომიკური ზეწოლის და არც რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებსა და ლოგისტიკურ ქსელებზე უკრაინის იერიშების ზეგავლენით. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტი რუსი მაღალჩინოსანი მიდის დასკვნამდე, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა, პუტინმა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც უკიდურესი ზომა.