სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკეები მიმდინარეობს – ეს სამშვიდობო დისკუსიის მეორე რაუნდია. დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩირაგანის სასახლეში იმართება. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ადგილზე დაახლოებით 14:00 საათზე მივიდნენ. შეხვედრას ესწრებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და თურქეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი.
მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინულმა მხარემ შეხვედრა გამართა გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან. პირველი რაუნდის მსგავსად, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო რუსეთის დელეგაციას ისევ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სტამბოლში 16 მაისს გაიმართა და დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ.