კიევის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის დათმობა და უკრაინის ორი რეგიონის ოკუპაციის მუქარა – დასავლური მედია 2022 წლის შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული პირველი პირდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში კრემლის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესახებ საუბრობს.
კონსულტაციების ფარგლებში მოსკოვის მოთხოვნებს არარეალისტურს უწოდებს ოფიციალური კიევი და პრიორიტეტად ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს. საკითხები, რაზეც სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, მომავალში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საკუთარი ხედვების წარმოდგენა და ტყვეების გაცვლაა. დელეგაციები სტამბოლს ტოვებენ, თუმცა ისევ პასუხგაუცემელია კითხვა წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მოხერხდება თუ არა ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირი შეხვედრა.