რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლში

ევროპელი ლიდერები პუტინის პასუხს ელოდებიან.

რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში დღეიდან ცეცხლის 30 დღით და უპირობოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მოსკოვი დუმს, უკრაინის სხვადასხვა ქალაქი საჰაერო თავდასხმების სამიზნე რამდენიმე საათის წინაც გახდა. ახლა საერთაშორისო საზოგადოების მთელი ყურადღება 15 მაისისკენაა მიმართული – შედგება თუ არა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პუტინის და ზელენსკის აუდიენცია – მოლოდინები არაერთგვაროვანია. სტამბოლში მოლაპარაკების განახლება უკრაინის პირველ პირს თავად რუსეთის პრეზიდენტმა შესთავაზა – ზელენსკიმ სტამბოლში ჩასვლის შეთავაზება მიიღო. თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავს დონალდ ტრამპიც. ევროპელი ლიდერები პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის მთავარ პირობად ცეცხლის ერთი თვით სრულად შეწყვეტას ასახელებენ. თურქეთში მოსალოდნელი შეხვედრის წინ მოსკოვი მორიგ საქნციებზე გამაფრთხილებელ გზავნილებს ამჯერად ლონდონიდან იღებს, სადაც სწორედ პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზების და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზებზე ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად მსჯელობენ.