რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია

ამ წუთებში იწყება რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონია, რომელსაც 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და და უკრაინის პრეზიდენტები ესწრებიან. რომში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. პაპს, ანდერძის თანახმად, რომის ცენტრში მდებარე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

იტალიის დედაქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ქუჩებში წესრიგს უსაფრთხოების სამსახურის 10 ათასზე მეტი თანამშრომელი უზრუნველყოფს. მხოლოდ წმინდა პეტრეს მოედანზე დაახლოებით 200 ათას ადამიანს ელოდებიან. სამგლოვიარო მსვლელობაში, სავარაუდოდ, ასობით ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. პროცესია რომის მთავარი ღირსშესანიშნაობების, მათ შორის კოლიზეუმის ჩათვლით გაივლის. მოსალოდნელია, რომ მსვლელობა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდება.

დაკრძალვა ვიწრო წრეში გაიმართება რამდენიმე კარდინალის, ასევე ფრანცისკეს პირადი ექიმის, მასიმილიანო სტრაპეტისა და თავად პაპის სურვილისამებრ, რამდენიმე ღარიბისა და უსახლკაროს მონაწილეობით. თავად დაკრძალვა მოკრძალებული იქნება. რომის პაპის საფლავის ქვა თეთრი მარმარილოსგან არის დამზადებული ტიტულის მოხსენიების გარეშე და მისი ვერცხლის ჯვრის გამოსახულებით.

პაპი ფრანცისკე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში აღდგომის ორშაბათს, 21 აპრილს გარდაიცვალა. წმინდა პეტრეს ტაძარში მასთან გამოსამშვიდობებლად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა.