რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია

ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. ორ ლიდერს შორის 15-წუთიანი შეხვედრა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შედგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორზე სტივენ ჩუნგზე დაყრდნობით წერს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა დაკრძალვის ცერემონიის წინ. მეტი დეტალი კი მოგვიანებით გასაჯაროვდება. ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვიც. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დღეს მოგვიანებით დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მეორე შეხვედრაც არის დაგეგმილი.