კათოლიკური სამყარო, ხუთდღიანი გლოვის შემდეგ, რომის პაპს დაემშვიდობა. რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე მეთაური სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ცერემონია, ანდერძის მიხედვით, ნაკლებად პომპეზური გაკეთდა. წმინდა პეტრეს მოედანზე პანაშვიდი კარდინალების კოლეგიის დეკანმა, 91 წლის ჯოვანი ბატისტან რემ გადაიხადა. ცერემონია დახურული იყო და მას კარდინალებთან ერთად მიგრანტები, პატიმრები, უსახლკაროები და ტრანსგენდერები ესწრებოდნენ. ამ ჟესტით ფრანცისკემ ხაზი გაუსვა, რომ ის ყველაზე მარგინალიზებულ ადამიანებზეც ზრუნავდა.
პონტიფიკოსის დაკრძალვის ცერემონიას ვატიკანსა და რომის ქუჩებში 400 ათასი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ მსოფლიოს ლიდერები, სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, სასულიერო პირები. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრო. ვატიკანში იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელები.
ფრანცისკე პაპად 2013 წელს აირჩიეს, ის პირველი პონტიფიკოსი იყო ლათინური ამერიკიდან და პირველი იეზუიტი პაპი. რომის კათოლიკური ეკლესიის ახალ ხელმძღვანელს კონკლავის წევრები მაისში აირჩევენ.