როინ შავაძის საქმე - სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლო სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. პროცესის ჩანიშვნის მოთხოვნით, პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა. 15 წლის შემდეგ გახმაურებულ საქმეზე რვა პირი დააკავეს, ორზე კი ძებნა ცხადდება.

2008 წელს მოკლული როინ შავაძის განზრახ მკვლელობაში კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ყოფილ სპეცრაზმელებს ედებათ ბრალი. საუბარია თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტზე და აგვისტოს ომის მონაწილეზე, რომელსაც წინა ხელისუფლება რუსეთის სამხედრო ნაწილებთან თანამშრომლობაში და ნარკოდანაშაულში სდებდა ბრალს.

შავაძე ქობულეთის გასასვლელთან მოკლეს, რაც მაშინ დაკავებულის გაქცევის მცდელობით ახსნეს, თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩატარებულმა ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სპეცრაზმელებმა სამხედრო ჯერ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში სასტიკად სცემეს, შემდეგ კი რამდენიმე გასროლით მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.