ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ემილ ხოფერიამ თავი მოიკლა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

„1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა, ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში, თვითნაკეთი თოკის გამოყენებით, თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც, მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია. თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. მომხდარს შეისწავლის სახალხო დამცველის აპარატიც.