ქურდული სამყაროს წევრების დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით, 13 პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ თანხა გამოსძალეს.

ამასთან, დაკავებულთაგან ორი პირის დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ ორ ეპიზოდში გამოიკვეთა. ისინი ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ და საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.