ქართველი სპორტსმენების წარმატება მინსკში

საქართველოს დელეგაციამ ერთ დღეში 10 მედალი მოიპოვა.

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა ბრწყინვალედ დაიწყეს ქართველმა სპორტსმენებმა. სამბოსა და ძიუდოს ნაკრებებმა ჯამში 10 მედალი აიღეს. პირველ ევროპულ თამაშებზე მოპოვებული ორი ოქროს მედალი საქართველოს დელეგაციამ პირველივე დღესვე გააუმჯობესა.

თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, რომელმაც 60 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ესპანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. ფავორიტის სტატუსი გაამართლა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა სამბისტმა რუსი სპორტსმენი დაამარცხა. სამბისტებმა კიდევ ერთი ოქროს მედალი 100 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვეს.

ევროპული თამაშების ჩემპიონი დავით ლორიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიელს სძლია. გარდა ორი ოქროს მედლისა, ჯონდო მუზაშვილის გუნდმა კიდევ ოთხი მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ მინდია ლილუაშვილი, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე, ხოლო ბექა ბერულავას ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ძიუდოისტებმა. ნოდარ მეტრეველის გუნდიდან კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ამირან პაპინაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ავიდნენ.

პირველი დღის შემდეგ საქართველოს დელეგაცია საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზეა. ჩვენი ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.