ქართველი ძიუდოისტების წარმატება
ისტორიული შედეგი – საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ოთხი ოქროს მედლით დაასრულა. კონტინენტის პირველობის ბოლო დღეს ნაკრების კაპიტანმა მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა თავისი პრინციპული მეტოქე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ნაკრებს კი მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი დაიმსახურა – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი, გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.