ზოგიერთი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს ისეთი გადაწყვეტილებების შესაძლებლობას, რომლებიც დამატებით საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას – სწორედ ამ მიზეზით ახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პოზიცია, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, არ შეუერთდა. აქვე ჩვენი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განმარტა, რომ როდესაც საუბარი არის უკრაინის მხარდაჭერაზე, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია.
ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და გადაწყვეტილებას უწუნებს. მმართველი გუნდი კი საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებზე მიუთითებს. საქართველოსთან ერთად, რეზოლუციას არ შეუერთდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, თურქეთი, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სლოვაკეთი და მალტა.