„ქართული მარშის“ აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

პრეზიდენტის რეზიდენციასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის მოღალატეობრივი და მან პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რომელიც დავით გარეჯის გარშემო დაგროვდა. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ეკლესია-მონასტრებთან მას მერე გამოჩნდნენ, რაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა გარეჯში და განცხადებები გააკეთა.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მათ სურდათ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა, სადაც ისინი დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, გარკვეულ საკითხებს დასვამდნენ.

საბოლოოდ პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგა, რის შემდეგაც „მარშის“ წარმომადგენლებმა რეზიდენციის ღობეზე ბოქლომის დადება სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და გიორგი გაბედავას დაკავება მოჰყვა. ცოტა ხნის წინ გაბედავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება.