ქალთა მარშის ორგანიზატორების განცხადება

„საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ქალთა მარშის მონაწილე ქეთი მესხზე განხორციელებულ თავდასხმას მიზანმიმართულს უწოდებს. ის საგამოძიებო უწყებას დამნაშავის დროული იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ქალების მიმართ ე.წ ტიტუშკების თავდასხმას სისტემური ხასიათი მიეცა.

მომხდარზე ისაუბრა ქეთი მესხმაც, რომელიც დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. მისი თქმით, მასზე თავდასხმის ფაქტის ვიდეომასალა არსებობს და ასახული პირების იდენტიფიცირება არ არის რთული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.