პროკურატურის მიმართვა პარლამენტს

ნიკა მელიამ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, შესაბამისად, მისთვის პატიმრობის გამოყენების ნებართვის გაცემაზე პარლამენტი იმსჯელებს. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა.

ნიკა მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, ის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ნიკა მელიას გირაო ჰქონდა შეფარდებული და მასზე ასევე ხორციელდებოდა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, ელექტრონული სამაჯურის თვითნებურად საჯაროდ მოხსნის შემდეგ, მელიას ისევ დაეკისრა გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ არ გადაიხადა.

თუ პარლამენტი თანხმობას გასცემს, ბრალდების მხარე სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავს,“ – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.