გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შპს „ბიტექს-ჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებებისა და მასზე დართული აუდიოჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე.
ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.