პროკურატურის ბრალდება 

ბიზნესმენი გიორგი უდესიანი, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ ცნეს დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი – ზაზა გუგავა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, რუსთაველის გამზირზე მდებარე აფთიაქიდან ბიზნესმენი მოიტაცეს, იძულებით მოათავსეს ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს. ბრალდებულები იარაღის გამოყენების მუქარითა და სხვა უკანონო მეთოდებით მოითხოვდნენ დაზარალებულისგან ქონების დათმობას და მათთვის სასურველ პირზე გადაფორმებას. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისუფლება აღკვეთილ პირს, მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა.

დაზარალებულმა მისი კუთვნილი საწარმოს 30%-იანი წილი და მის პირად საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, გადააფორმა ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.

დანაშაულის ორგანიზატორ გიორგი უდესიანს 6 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულ პირს, ზაზა გუგავას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ.