პროექტი „ემეგობრე პოლიციას“

ემეგობრე პოლიციას“ – შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის ფარგლებში, კიდევ ერთი, დასკვნითი საზოგადოებრივი ღონისძიება ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში გასცნობოდა აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას, ასევე, შეეძლოთ აღჭურვილობა და სპეცტექნიკა დაეთვალიერებინათ.

კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიებების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები სხვადასხვა სკოლასაც ესტუმრნენ. მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება.