პრობაციონერთა დასაქმების პროექტი

პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებსა და ყოფილ პატიმრებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

გაიზარდა ინფრასტრუქტურული ობიექტების რიცხვი, სადაც შრომამისჯილი პირები დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებშიც ჩაერთვებიან.

ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ და თეთრიწყაროს მერმა, გიორგი წიკლაურმა მოაწერეს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პრობაციის ბიუროს ადგილობრივ ოფისსაც ესტუმრნენ და თანამშრომლებს მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი ახალი შესაძლებლობები და სააგენტოში არსებული სიახლეები გააცნეს.