პრეზიდენტის შეწყალების მორიგი აქტი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება

პრეზიდენტის შეწყალების მორიგი აქტი. ოთხთვიანი მორატორიუმი დასრულებულია. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ განცხადებას აკეთებს. უცნობია, იქნება თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე. სასულიერო პირის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან 2019 წლის 8 ნოემბერში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად შეწყალება ახალი წესის მიხედვით მოხდება, რომლიც ძალაში 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა. შეწყალების ახალ წესში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს შეწყალებისთვის არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი; რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისთვის და მოხდილი არ აქვს განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი; რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არ აქვს ვადის ორი მესამედი.