პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს შეწყალების აქტის გამოცემისკენ მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ მოახდენს

პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია: სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. საქალაქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთანავე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებულის პოლიტიკურმა თანამოაზრეებმა 8 მარტის შეთანხმების საკითხი კიდევ ერთხელ გაააქტიურეს.

ოპოზიცია დღესაც ამტკიცებს, რომ რურუას გათავისუფლება ოთხი თვის წინ საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით ხელმოწერილი დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი იყო. სწორედ ამ არგუმენტით ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილს დილიდან შეწყალების აქტის გამოცემისკენ მოუწოდებდნენ.

ოპოზიციასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდეს ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა და სენატორმა ჯიმ რიშიმ. საერთაშორისო მოწოდებების საპასუხოდ, მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პოლიტიკა და მართლმსაჯულება საქართველოში მკაცრად გამიჯნულია და ყოველგვარი მინიშნება ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს საქმეებში ჩარევაზე, მათთვის მიუღებელია.