თავდამსხმელი, რომელმაც კრაკოვის მთავარ მოედანზე ექვსი ადამიანი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე ექვსი ადამიანი მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას პოლიციამ ესროლა, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდარის გამო, ქვეყანაში 11 ნოემბრამდე გლოვა გამოცხადდა და უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ხელისუფლების თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიით იყო მოტივირებული.
პოლიციის ცნობით, პოლონეთის 25 წლის მოქალაქე მანქანით კრაკოვის მთავარ მოედანზე შევიდა და უმისამართოდ სროლა დაიწყო. სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 16, მათ შორის ორი პოლიციელია, რომლებიც სტაბილურ მდგომარეობაში არიან, ასევე, დაშავებულთა შორის ხუთი უცხოელია.
ამასთან, პოლონეთის ქალაქ ოსტროვეც-სვენტოკშისკიში, თავდამსხმელის სახლში, სამი ცხედარი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილები მისი და, დედა და მამა იყვნენ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ორივე ადგილას მკვლელობა, „ძალიან დიდი ალბათობით“, ერთმა ადამიანმა ჩაიდინა, თუმცა, გამოძიება გრძელდება.