პოლიტიკური შეფასებები დავით არახამიას განცხადებაზე

ქართული პოლიტიკური სპექტრი, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებებს ეხმაურება. მხარეების შეფასებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, დავით არახამიამ ქართულ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა: „შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინა, რომ რაღაცნაირად არიან ჩართული ამ პროცესებში“, – განახადა არახამიამ „მთავარი არხის“ ეთერში. არახამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრას არ დასწრებია. ამასთან, როგორც არახამიამ აღნიშნა, საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბარი შესაძლოა, დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება და პრეზიდენტ ზელენსკის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტს მიმართოს.