პოლიციამ თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე მოქალაქე დააკავა. აქციის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე პირის დაკავება. მეტროსადგურ „რუსთაველთან“ ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პარტია „ახალის“ პრესსამსახურმა, მირანდა ბაღათურიამ. მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც აქციიდან ბრუნდებოდა, სამართალდამცველებმა მის თვალწინ დააკავეს.
ასევე, ჭავჭავაძის გამზირზე ერთი პირის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი. მისი თქმით, დაკავებული არის ონკოპაციენტი. თორნიკე მსხილაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს. თორნიკე მსხილაძემ განთავისუფლების შემდეგ ჯგუფ „დაიტოვეში“ პოსტი განათავსა, სადაც აცხადებს, რომ მასთან ერთად კიდევ ერთი პირი დააკავეს, თუმცა, მისთვის უცნობია, გაათავისუფლეს თუ არა მეორე დაკავებული.
რაც შეეხება სხვა პირებს, რომელთა დაკავებასთან დაკავშირებით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, მათ შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ბოლო სამ საათში თბილისსა და ქუთაისში სულ შვიდი პირის დაკავების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული.