პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეორე პირი, სადაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.