პოდოლიაკის მორიგი გზავნილი

ორდღიანი პაუზის შემდეგ მიხაილო პოდოლიაკი საქართველოსთვის ისევ იცლის და მორიგ მუქარის შემცველ განცხადებას აკეთებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციის მრჩეველი ამჯერად, ქართველ პოლიტიკოსებს საუბრის ტონს უწუნებს და მათ ურჩევს საჯარო გამოსვლებში უკრაინის საკითხზე არ ისაუბრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პოდოლიაკი ამბობს, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გასამართლდებიან. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც უკრაინელი პოლიტიკოსი აქცენტს აკეთებს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხია. პოდოლიაკი ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს და დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები დაწესდება. სანქციების თემა დღეს კიდევ ერთხელ ახსენა დავით არახამიამაც. უკრაინის მაღალჩინოსნების რიტორიკას სრულად იზიარებს ქართული ოპოზიციის ნაწილი. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ თუ ვინმეს საუბრის ტონი აქვს შესაცვლელი, ეს თავად მიხაილო პოდოლიაკია.