სასამართლოს გადაწყვეტილება

პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. მანამდე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს და აღნიშნეს, რომ თავს უდანაშაულოდ თვლიან. მათ სასამართლოს მოუწოდეს, მოსამართლეს მიეღო ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.