პენტაგონის გადაწყვეტილება

პენტაგონი გერმანიიდან 5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს. პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძანება თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა გასცა და აღნიშნული პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრი. როგორც ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, ევროპაში აშშ-ის სამხედროების ყოფნა, განსაკუთრებით გერმანიაში, ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.

ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო, შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ“, საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი „საშინლად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მას „არაფერი ესმის”. გერმანიაში ამჟამად 36 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს – ეს ევროპაში შტატების ყველაზე დიდი კონტინგენტია.