პენიტენციური სამსახურის განცხადება – გამოხმაურება

15:11, 05.10.2026

იუსტიციის მინისტრმა, ცოტა ხნის წინ, პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პაატა სალიას თქმით, კადრებში, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა, სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა, მისი თქმით, ყველა კითხვას საბოლოოდ პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს და დავითაძის მხრიდან გაჟღერებული ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს. ჟურნალისტებმა მინისტრს ისიც ჰკითხეს, თუ რატომ გახდა რამდენიმე მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა აუცილებელი, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ მიზეზი მანამდე არსებული დაპირისპირება იყო.

მანამდე, პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. „აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პატიმარმა გიორგი დავითიძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მასზე სექსუალურად იძალადეს. საკითხთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა მალევე გაავრცელა განცხადება და ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი