პატრულ-ინსპექტორის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში პატრულ-ინსპექტორის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ 37 წლის გელა ჭიღალიძეს პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიებაზე ბათუმის სასამართლომ იმსჯელა. სახაზინო ადვოკატი, რომელიც დაკავებულის ინტერესებს იცავს, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემსწავლელი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. მსგავსი კვლევის ჩატარებას არ გამორიცხავს არც საქმის პროკურორი. წინასასამართლო სხდომა 11 თებერვალს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სამი დღის წინ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ჭაღალიძემ საპატრულო მანქანა გააჩერა და ავტომობილიდან გადმოსული სამართალდამცველი ყელის არეში დაჭრა. ის პატრულის მეწყვილემ ადგილზე დააკავა. გამოძიება დაკავებულს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას ედავება.