პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი სრული ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს. ოპოზიცია სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტს გიორგი გახარიაზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმად და შურისძიებად აფასებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმე მოიცავს როგორც გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, ისე ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტს. სასტუმროში განმარტავენ, რომ სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეომასალას გამოძიებას მიაწვდიან. ინციდენტის ამსახველი 24-წამიანი ვიდეო კი ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა, თუმცა, ის სრული არ არის და მომხდარს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.