პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განმარტა, რომ ეკა ბესელიას შესახებ გადაწყვეტილება ზაფხულში იყო მიღებული და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდებოდა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბევრ დეპუტატს ჰქონდა სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის პოზიცია, თუმცა, მთავარია, გუნდურობის პრინციპის დაცვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ვერ გახდება გარკვეული სანქციის, თუ რაიმე სხვა მიდგომის გამოვლენის საფუძველი, თუმცა, შეიძლება, ასეთი რამ დღის წესრიგში დადგეს, თუ რომელიმე დეპუტატი გუნდურობის პრინციპს არღვევს. მისი განცხადებით, გუნდი გადაწყვეტილებას არ ჩქარობს და პროცესების განვითარებას დააკვირდება.