ოთხი ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ შვიდ პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ შვიდ პირს – ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძესა და თემურ ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან. მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ედებათ.