სასამართლომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებული ოთხი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. სამ პირს პატიმრობა, ერთს კი 15 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. ქეისის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებისა თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ.
გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართა. გამოძიება რამდენიმე მუხლით მომდინარეობს, მათ შორის თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების მუხლებით. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.