ომის ოცდამეოთხე დღე უკრაინაში

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა – რამდენიმე საათის წინ ჩერნიგოვში ნანგრევებიდან მაშველებმა ორი მცირეწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს, – ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლა მარიუპოლის ცენტრში მიმდინარეობს. ქალაქიდან კიდევ 5 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. პარალელურად, დაიბომბა ხერსონი. რუსულმა არმიამ იერიში მიიტანა მიკოლაევზე, სადაც 45-მდე ადამიანია დაღუპული.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ჩერნობაევკაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი, ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიკოლაევსა და სუმში უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტების წინააღმდეგ წინ მიიწევენ და მათ ქალაქების ოკუპაციის საშუალებას არ აძლევენ. კიევის ჩრდილოეთ ნაწილში უკრაინის ჯარმა რუსული კოლონა გაანადგურა. შექმნილი ვითარების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.