ომის მეორე ფაზა უკრაინაში - 56-ე დღე

მარიუპოლიდან დღეს ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ევაკუაცია იგეგმება. როგორც უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშუკი წერს, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა ადგილობრივი დროით 14 საათიდან იგეგმება. არსებობს წინასწარი შეთანხმება ქალაქიდან ექვსი ათასი ადამიანის გაყვანასთან დაკავშირებით. ამასთან, მარიუპოლის მერის მონაცემებით, ქალაქში დარჩენილია 100 ათასამდე მცხოვრები. ქალაქის მერი ადგილობრივებს ზაპოროჟიეში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კი ინტენსიური შეტაკებები გრძელდება, ღამით საოკუპაციო ჯარებმა ზაპოროჟიეს რეგიონში მასირებული შეტევა დაიწყეს.

ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონში ბაშტანკის საავადმყოფო დაბომბეს, არიან დაჭრილები. ვრცელდება ცნობა, რომ გასული დღის განმავლობაში გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებით მოიგერიეს რუსეთის ათი თავდასხმა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 12 ტანკი, 28 ჯავშანმანქანა, ერთი ფრთოსანი რაკეტა, „სუ-34“-ის ტიპის თვითმფრინავი და „კა-52“-ის ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს. უკრაინული მედია წერს, რომ აღმოსავლეთის მიმართულებაზე უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი თავდასხმა მოიგერიეს.