ომის მეჩვიდმეტე დღე უკრაინაში

რუსული ჯარი კიევიდან 25 კილომეტრში დგას. ინფორმაციას ადგილობრივი და ბრიტანული მედია ავრცელებს. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კიევის ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით. იბომბება მიკოლაივი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ ბოლო დღეებში 31 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღამით ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა ქალაქ ლუცკთან მდებარე აეროპორტი, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ასევე, დაიბომბა ნავთობის ბაზა ვასილკოვოში და სამხედრო ბაზა კიევის შემოგარენში. უკრაინის მთავრობის განცხადებით, დაგეგმილია მოსახლეობის გამოყვანა კიევიდან, ხარკოვიდან, ოდესიდან, სუმიდან, ლებედინიდან, კონოტოპიდან და კრასნოპოლიედან. ქალაქებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მოქალაქეები წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე არიან დარჩენილები.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან რუსულმა აგრესიამ უკვე 79 ბავშვი მოკლა, 100-ზე მეტი კი დაჭრილია. ყველაზე დიდი მსხვერპლია კიევში, ხარკოვში, სუმიში, ხერსონსა და ჟიტომირში. განადგურებულია ათამდე ბავშვთა საავადმყოფო. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მოუწოდებს დასავლეთ და ცენტრალური უკრაინის მცხოვრებლებს, სადაც ამ დროისთვის არ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, გავიდნენ სამსახურებში.