ომის მეჩვიდმეტე დღე უკრაინაში

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს 79 ბავშვია დაღუპული, 100-ზე მეტი კი დაჭრილი. ყველაზე დიდი მსხვერპლია კიევში, ხარკოვში, სუმიში, ხერსონსა და ჟიტომირში. განადგურებულია ათამდე ბავშვთა საავადმყოფო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღამით ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა ქალაქ ლუცკთან მდებარე აეროპორტი, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ასევე დაიბომბა ნავთობის ბაზა ვასილკოვოში, ადგილზე ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

შეტაკებები იყო ხარკოვშიც, სადაც ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. მაშველები რამდენიმე დღის წინ განხორციელებული დაბომბვების შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები ქალაქ ნიკოლაევში, სადაც რუსულმა ჯარებმა ონკოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს. ღამით საჰაერო განგაშის სიგნალი და აფეთქების ხმა ისმოდა კიევსა და მის შემოგარენში.

ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ჩერნიგოვშიც, სადაც გავრცელებული ცნობით, რუსულმა მხარემ სასტუმრო „უკრაინა“ დაბომბა. ცხელი წერტილებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა დღესაც უნდა გაგრძელდეს. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, გასულ დღეს საბრძოლო მოქმედებების არეალიდან 7 000-ზე მეტი მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა.

დაგეგმილია მოსახლეობის გამოყვანა კიევიდან, ხარკოვიდან, ოდესიდან, სუმიდან, ლებედინიდან, კონოტოპიდან და კრასნო-პოლიედან. უკრაინაში არსებულ ვითარებას დღეს უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო გამოეხმაურა. კანონმდებელი საოკუპაციო ძალებს სამოქალაქო ობიექტების განადგურებაში ამხელს.