ომის და მშვიდობის პოლიტიკური პირობები 

ვაშინგტონის ახალი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინისთვის საკმაოდ მძიმე ჩანაწერებს მოიცავს.

წინა კვირას მედიის მიერ გასაჯაროებულმა 28-პუნქტიანმა პროექტმა თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულების ახალი პერსპექტივა გააჩინა. გაირკვა, რომ გეგმის შესახებ, რომელზეც საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, საერთოდ არ ყოფილა ინფორმირებული ევროკავშირი, რომლის წევრები მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიწვევას და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად წითელ ხაზებად გამოცხადებული საკითხების უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტას ითხოვენ. ამ ფონზე ტრამპი კიდევ ერთხელ იმეორებს რამდენჯერმე გაჟღერებულ გზავნილს, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დაიწყებოდა. ევროპას, რომელიც 28-პუნქტიანი გეგმის ცალკეულ პუნქტებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, აშშ-ის პირველი პირი რუსეთთან ვაჭრობას ახსენებს.

ტრამპის გეგმის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებს განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან საქართველოდანაც: ხელისუფლება, რომლის პირობებში სწორედ ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუარესდა, მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეს ახლაც რეალურად მიიჩნევს. ტრამპის გეგმისადმი ევროკავშირის დამოკიდებულება მმართველ გუნდს ამ პოზიციას კიდევ უფრო მეტად უმყარებს.