ომის 84-ე დღე უკრაინაში

ბოლო ორი დღის განმავლობაში მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორია 959-მა მებრძოლმა დატოვა. მათ შორის 80 დაჭრილი იყო. მონაცემები რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა წარმოადგინა.

მისი ინფორმაციით, 51 უკრაინელ სამხედროს სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ბიბისი“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „აზოვსტალში“ კიდევ რჩება ბევრი ადამიანი და მათ გამოსაყვანად მოლაპარაკებები გრძელდება.

ანა მალიარის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დასრულდება მაშინ, როდესაც მარიუპოლის ყველა მცველი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნება გადაყვანილი.