ომის 46-ე დღე - ვითარება უკრაინაში

ომის 46-ე დღე. რუსეთი განაგრძობს მოსამზადებელ სამუშაოებს ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევების გასაახლებლად, დონბასის და ლუგანსკის რეგიონებზე, სრული კონტროლის დამყარების მიზნით. ოკუპანტები ძირითად ბრძოლებს მარიოპულის და იზიუმის დასაკავებლად აწარმოებენ. ამასთან, თავდაცვის უწყების ცნობით, მტერი განაგრძობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმებს. რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს დონეცკის რეგიონზე, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. 7 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ნიკოლაევის ოლქში. ამასთან, რუსები კვლავ ცდილობენ ხარკოვის ოლქის ბლოკირებას, სადაც ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. ჭურვები ჩამოყარეს რუსებმა დნეპრშიც, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაშვებულია ერთი ადამიანი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების 8 შეტევა მოიგერიეს, რის შედეგადაც 80 რუსი ჯარისკაცია მოკლული. ასევე, განადგურებულია სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რამდენიმე ტანკი, სამი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. უკრაინის ჩრდილოეთით, კიევის ოლქში ისევ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, სადაც საგანგებო სამსახურის 17 პირო ჯგუფი მუშაობს. მათ გასულ დღეს 5000-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება გაანადგურეს. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთიდან რუსეთის ძალების გასვლის შემდეგ ჩნდება მეტი მტკიცებულება, რომ რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას უმიზნებდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, კიევის ოლქში მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობის განსასაზღვრად, სულ მცირე ორი კვირა იქნება საჭირო. რაც შეეხება ევაკუაციას, გასული დღის განმავლობაში 4500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა ვასილევკიდან, ენერგოდარიდან და მელიტოპოლიდან. 192-მა ადამიანმა დატოვა საკუთარი ავტომობილებით ბერდიანსკი და მარიუპოლი, საევაკუაციო ავტობუსები ამ ქალაქებში რუსულმა ძალებმა არ შეუშვეს.