ომის 46-ე დღე უკრაინაში

რუსეთმა კიდევ ერთხელ დაბომბა დნეპრის აეროპორტი, რომელიც სრულად არის განადგურებული. მიწასთან გასწორდა აეროპორტის მახლობლად მდებარე ინფრასტრუქტურაც. დაშავებულია ხუთი ადამიანი. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებში, ასევე მარიუპოლსა და იზიუმში. ქალაქ ხარკოვის შემოგარენში კი რუსებმა 66 საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. დაღუპულია ორი, დაშავებულია ცხრა ადამიანი. ოკუპანტები ხარკოვის ოლქის დაკავებას ცდილობენ. დასავლურ მედიაში გავრცელდა სატელიტური ფოტოები, სადაც რუსების 13-კილომეტრიანი კოლონა ჩანს, რომელიც ხარკოვის მიმართულებით მიდის. დონეცკში ავიაიერიშებს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ლუგანსკში რუსების ჭურვები მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შვიდი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ნიკოლაევის ოლქში. ჭურვები ჩამოყარეს რუსებმა დნეპრშიც, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაშვებულია ერთი ადამიანი. ამასთან, უკრაინაში აცხადებენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში გაანადგურეს საწყობი, სადაც რუსების საბრძოლო მასალები ინახებოდა. გრძელდება სხვადასხვა ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანის პროცესი. ევაკუაცია აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მდებარე ცხრა ქალაქიდან განხორციელდება. უკრაინის გენერალური პროკურორის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 177 ბავშვი დაიღუპა, 336 კი დაშავდა. გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის აგრესიის გამო ქვეყანა უკვე 4 მილიონ 500 ათასმა ადამიანმა დატოვა.