ომის 302-ე დღე უკრაინაში

ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების იერიშების მოგერიება 19 დასახლებულ პუნქტთან შეძლეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის არმიამ ერთ-ერთი იერიში განახორციელა სუმის ოლქთან. ამ კონკრეტულ ადგილზე ეს იყო პირველი შეტევა გაზაფხულის შემდეგ. კერძოდ, იერიში რუსეთის ბელგოროდის ოლქის საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლება ვისოკოესთან განხორციელდა.

ამასთან ერთად, რუსეთმა ბოლო დღე-ღამეში ექვსი სარაკეტო და ექვსი საავიაციო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე. სამიზნე ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები იყო. ასევე, რუსეთის სამხედროებმა 70-ზე მეტჯერ გაისროლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. მხოლოდ დონეცკში გასულ 24 საათში რუსეთის იერიშს სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ მიმართვაში კიდევ ერთხელ ისაუბრა ვაშინგტონში ვიზიტის მნიშვნელობაზე. ეს მიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთში ჩაწერა, სადაც უკრაინაში დაბრუნებამდე პოლონელ კოლეგას, ანჟეი დუდას შეხვდა.