ომის 123-ე დღე უკრაინაში

გასულ დღეს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, სევეროდონეცკის სრულად აღება მოახერხეს. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურის 90 პროცენტი განადგურებულია და რუსები ამჯერად ქალაქ ლისიჩანსკის დაკავებას ცდილობენ. შეტევა ხორციელდება უკრაინის სხვა რეგიონებზეც. გუშინ ღამით დაიბომბა რივნის ოლქი, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. იბომბება ხარკოვის, ჩერკასის, სუმის და ჩერნიგოვის ოლქებიც. 18-ჯერ დაიბომბა დონბასის რეგიონიც, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ერთ დღე-ღამეში რუსებმა 45 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, თუმცა ზელენსკის თქმით, ვერცერთი რუსული რაკეტა და დარტყმა უკრაინელების სულის გატეხას ვერ შეძლებს.