ომის 100 დღე

100 დღე რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

სამი თვის შემდეგ ომის ეპიცენტრში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილია. დონბასის და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დასამყარებლად დასახლებები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ინტენსიურად იბომბება. მარიუპოლის დაკავების შემდეგ მთავარი სამიზნე ქალაქი სევეროდონეცკია, რომლის ნაწილს უკვე რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. კიევი დასავლეთისგან მეტ შეიარაღებას და რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად სანქციების მეშვიდე პაკეტს ითხოვს. სწორედ სამხედრო დახმარების საკითხზე და მძიმე შეიარაღების სათხოვნელად გერმანიაში ჩავიდა უკრაინის რადის სპიკერი. ცალკე გამოწვევად რჩება უკრაინული პორტების ბლოკადის გამო შექმნილი გლობალური სასურსათო კრიზისი. მოსკოვი პორტების განბლოკვისთვის დასავლეთს პირობას უყენებს და სანქციების მოხსნას ითხოვს, პასუხად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ დამტკიცებულ სანქციების მეექვსე პაკეტს კიდევ უფრო ამკაცრებს.