საერთაშორისო მედია დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში გამართული შეხვედრის დეტალებს ავრცელებს. ვრცელდება ცნობა, რომ მოლაპარაკებების დროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას დაჟინებით ითხოვდა, უკრაინის პირველი პირი კი უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობდა. კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთთან ომის გაგრძელებას აშშ-ის დახმარების გარეშე 2025 წლის პირველ ნახევარში შეძლებენ.
არანაკლები ინტერესია ხვალ დაგეგმილი შეხვედრის მიმართაც – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინაში ევროპული მშვიდობისმყოფელების გაგზავნის თემას განიხილავენ. რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორისაც. ვიქტორ ორბანი მომდევნო რამდენიმე კვირას ომის ყველაზე საშიშ პერიოდად მიიჩნევს.