ომი უკრაინაში - საერთაშორისო რეაქცია

საომარი მოქმედებების პარალელურად დასავლეთი სულ უფრო აქტიურად იწყებს საუბარს რუსეთის მხრიდან ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე. გაზრდილ რისკებზე მიუთითებს უკრაინის პრეზიდენტიც.

საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მთავარ მოთხოვნად რჩება ცის ჩაკეტვა ან ანტისაჰაერო თავდაცვითი საშუალებების და საბრძოლო მასალების მიწოდება, რუსული გემებისთვის პორტების დახურვა და რუსულ ნავთობზე მკაცრი ემბარგო. დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას აანონსებს, პოლონეთი კი უკრაინაში ნატოს სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივით გამოდის და ამ ინიციატივის განხილვას ნატოს ხვალინდელ სამიტზე აპირებს. ამ წინადადებას უკვე მოჰყვა მოსკოვის უმწვავესი რეაქცია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამშვიდობო მისიის გაგზავნას რუსეთის და ნატოს ძალების პირდაპირ შეტაკებად აცხადებს და დასავლეთს წითელ ხაზებზე აფრთხილებს.