აგრესიის 59-ე დღეს რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში განთავსებული ქალაქების დაბომბვებს განაგრძობს. როგორც რუსეთის სარდლობაში განაცხადეს, მათი მიზანია დონბასისა და უკრაინის სამხრეთ რეგიონების დაკავება, რათა ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი სახმელეთო დერეფანი შეიქმნას.
რუსეთის ძალებმა დონეცკისა და ტავრიას რეგიონებში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაბომბეს. მათ შორის გამოყენებული იყო კასეტური ჭურვები, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ამასთან, ოკუპანტებმა სლავიანსკის მიმართულებით შტურმი განახორციელეს და დასახლებული პუნქტი ლაზოვოე დაიკავეს, პარალელურად კი, კრემენნაიაში და ზოლოტა დალინაში პოზიციების გამაგრებას ცდილობენ.
გრძელდება ხარკოვის რაიონის დაბომბვებიც. გასული დღის განმავლობაში რუსებმა რაიონი 56-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. დაბომბვები გრძელდება ხერსონის რეგიონში და ლუგანსკშიც. პოპასნაიაში რუსების საარტილერიო დაბომბვებს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ერთი. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, დაბომბვები დღითიდღე უფრო ინტენსიური ხდება და მოსახლეობა აღდგომის დღეებში თავშესაფრებში უნდა დარჩეს. გათენებისას ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა მიკოლაევშიც, თუმცა აფეთქების მიზეზისა და შედეგების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
რაც შეეხება მარიუპოლს, უკრაინული მხარის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის განცხადებისა, „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვა შეჩერდეს, რუსეთის შეიარაღებული ძალები მაინც ახორციელებენ ქალაქში საავიაციო დარტყმებს. უკრაინული მხარის თქმით, გასულ დღეს რუსების 130 მებრძოლი, სამი ტანკი, სამი ჯავშანტრანსპორტიორი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის ძალებმა ხერსონის რეგიონში რუსების მოწინავე ჯგუფზე მიიტანეს იერიში, რის შედეგად ოკუპანტის სულ მცირე ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ღამით ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, სადაც ყველა ერს მათთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ დასაწყისია და რუსეთი სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდებასაც ისახავს მიზნად.