ომი უკრაინაში - რადიაციული კატასტროფის და ენერგოკრიზისის საფრთხე

მსოფლიო ახალ რადიაციულ კატასტროფას ამ ეტაპზე გადაურჩა, თუმცა საფრთხე ისევ მაღალ ნიშნულზეა. ევროპის უმსხვილესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად რამდენიმე საათით უკრაინის ელექტროქსელიდან გაითიშა, რამაც რისკები კიდევ უფრო გაზარდა. სპეციალისტების შეფასებით, თუ რეაქტორების გამაგრილებელი სისტემა გაითიშება, მაშინ უკრაინასთან და რუსეთთან ერთად, რადიაქტიური დაბინძურების საფრთხის წინაშე ევროპაც დადგება. ბოლო მონაცემებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ობიექტზე მომავალ კვირას შევა. უკრაინაში მიმდინარე ომმა, ევროპის ქვეყნებში ენერგეტიკული კრიზისიც გამოიწვია. ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და ნავთობის ფასები ანტირეკორდს ხსნის. უკრაინა და მისი მოკავშირეები მძიმე ზამთრისთვის ემზადებიან. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთმა, უკვე მოითხოვა ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომის რაც შეიძლება მალე გამართვა.